ახალი ამბები

კახეთში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

როგორც knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ფასდაკლების კვირეული მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სასტუმროს, შატოს, ღვინის მარნის და სხვა ტურისტული ობიექტების მომსახურების ფასდაკლებით სარგებლობას. უწყების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა შეუძლია კახეთის რეგიონში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 20 ან მეტი ოთახი, ასევე შატოებს, ღვინის მარნებს და სხვა ტურისტულ ობიექტებს. 
„ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი, რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე georgia.travel/discount-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც. პროექტში ჩართვა შეეძლება 20 ან მეტი ნომრის მქონე სასტუმროს („სასტუმრო“), რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს საშუალებას, ისარგებლონ შესაბამის პერიოდში გამოცხადებული ფასიდან 30% ან მეტი ფასდაკლებით. დამატებით, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 20 ან მეტი ნომრის მქონე სასტუმროებს, რომლებიც 25%-დან 30%-მდე ფასდაკლების შეთავაზებას გააკეთებენ, შატოებს, რომლებიც ვიზიტორებს მისცემენ საშუალებას ისარგებლონ მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლებით, ღვინის მარნებს, რომლებიც ტურისტებს შესთავაზებენ მინიმუმ 30%-იან ფასდაკლებას და სხვა ტურისტულს ობიექტებს, რომელთა მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება “, – განუცხადეს knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
უწყების ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რომელიც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.