სტატიები

რატომ არის აუცილებელი სავალდებულო გენდერული კვოტირება?

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. ამ მაჩვენებლებით საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 114-ე ადგილზეა. ამ ეტაპზე პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომელიც ეხება სავალდებულო კვოტების დაწესებას, არის დროებითი მექანიზმი თანასწორობის მისაღწევად და აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა. ფრუიძე კანონმდებლებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„საქართველოსთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დაწესდეს დროებითი მექანიზმის კვოტირების სისტემა, რომ მიღწეულ იქნეს თანასწორი პოლიტიკური შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რათა არ იწვევდეს შიშს კვოტირებაზე საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგა მამაკაცები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“,განუცხადა knews.ge-ს ირინა ფრუიძემ.

თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერულ კვოტირებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა. გელა სამხარაულის აზრით, საარჩევნო სიის ფორმირების დროს მთავარი უნდა იყოს კანდიდატის კვალიფიკაცია და არა მისი სქესი.

მე მიმაჩნია, რომ საარჩევნო სიაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადამიანის პიროვნულ თვისებებს, განათლებას და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სქესის წარმომადგენელი იქნება, მაგრამ არის მეორე მხარე. ვფიქრობ, რომ ერთჯერადად საჭიროა ბიძგი მიეცეთ ქალებს. თუ სავალდებულო გენდერული კვოტირება იქნება ერთჯერადი, მე დავუჭერ მხარს. თუ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, მაშინ მხარს არ დავუჭერ. მე ვფიქრობ, რომ თუ მუდმივად საარჩევნო სია გენდერული მიმართულებით კანონით უნდა განისაზღვროს, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც კი იქნება“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას გელა სამხარაული.

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, საარჩევნო სიებში წარადგინონ არა ყოველი მეორე, არამედ ყოველი მესამე განსხვავებული სქესის კანდიდატი.

ორად არის გაყოფილი აზრიგენდერული კვოტირება დაწესდეს 2020 თუ 2024 წლიდან. ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესება არ შეცვლის არსებულ ვითარებას. ჩვემ უნდა ვიმუშაოთ სხვა მიმართულებით. ეს არის მენტალობა, ქალების სურვილის ნაკლებობა. ჩვენ ამ მიზეზების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ. მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირება უნდა იყოს 2024 წლიდან და ყოველი მესამე უნდა იყოს ქალი, თუმცა ეს უნდა იყოს ერთჯერადი ღონისძიება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მესამე სექტორი კი ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე აღნიშნავს, რომ საქრთველოში მოქმედებს ნებაყოფლობითი ხასიათის კვოტირება. შარვაშიძე მიუთითებს, რომ მოქმედი რეგულაციით, თუ საარჩევნო სიაში პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში განსხვავებული სქესის კანდიდატია წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით, მაშინ პარტია დამატებით საბაზო დაფინანსების 30%-ს იღებს, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკაში მონაწილების გაძლიერებას. მისი მოსაზრებით, სავალდებულო გენდერული კვოტირება პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება.

გენდერული კვოტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა, რადგან ბოლო კვლევებით ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით საქართველო 114- ადგილზეა. სავალდებულო გენდერული კვოტირება არის დროებითი მექანიზმი, რათა მიღწეულ იქნეს თანასწორი პოლიტიკური გარემო და შესაძლებლობები პოლიტიკაში. ჩემი აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა ვერ მოაგვარებს პოლტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის პრობლემას“, – ამბობს ნიკოლოზ შარვაშიძე.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანლი სავალდებულო გენდერული კვოტირების აუციელობლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ კანონმდებლობაში მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დაწესდება სანქციები.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და ამ მიმართულებით ქმედითი ზომების განხორციელება. გენდერული კვოტა, თუნდაც 50%-იანი, ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ითვალისწინებს კანდიდატთა სწორ პოზიციონირებას. თანასწორობის სრულად მისაღწევად იდეალურია 50%-იანი კვოტა .. „ზიპსისტემის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს სქესთა მონაცვლეობას ყოველ ორ კანდიდატში. გენდერული კვოტა ეფექტურო რომ იყოს, აუცილებელია დაწესდეს სანქციბი მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში. მსოფლიოში გავრცელებულია ორი ტიპის სანქცია. პირველიგენდერული კვოტის დაუცველობის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიას ეკისრება ფინანსური ჯარიმა (მაგალითად, საფრანგეთი); მეორეგენდერული ბალანსის დაუცველობის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიას უუქმდება რეგისტრაცია და ვერ მონაწილეობს არჩევნებში. ექსპერტების დიდი ნაწილი მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას, რადგან ფულადი ჯარიმა, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს წინააღმდეგობას ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის. მხოლოდ პატარა და სუსტი პოლიტიკური პარტიებისთვის არის ასეთი ჯარიმა საფრთხე“, – აღნიშნავს მგალობლიშვილი.

სახალხო დამცველის აპარატიც მოუწოდებს ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას. ომბუდსმენის აპარატის გენდერული დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ილურიძე აცხადებს, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.

გენდერული კვოტირების გარდა, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით სხვა ღონისძიებებიც უნდა გატარდეს. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხება როლური მოდელების გაჩენას, რათა ქალები საკუთარ თავში დარწმუნდნენ, იყვნენ გადაწვეტილების მიმღებ პოზიციაზე. ქალებს უნდა ჰქონდეთ მატერიალური რესურსები, რათა, მაგალითად, მათ დააფინანსონ თავიანთი საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნავს ანა ილურიძე.

2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.

აღნიშნული კანონპროექტი თელავში განიხილეს. შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD), ინიციატივით.

გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი

გელა სამხარაული – ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი

მარეხ მგალობლიშვილი – საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ შარვაშიძე – თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი

ანა ილურიძე – სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი