სტატიები

გურჯაანის დიდების მემორიალის აღდგენით სამუშაოებში უცხოელი მოხალისეები ჩაერთვნენ

ახალგაზრდებმა, რომლებიც ავსტრიის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობენ, მოამზადეს არქიტექტურული ნახაზები, დაგეგმარება და კონსტრუქციების აწყობაში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის ,,დიდების მემორიალის აღდგენითი სამუშაოები“ ფარგლებში, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ ახორციელებს, განახლდება კიბეები, სკამები, დაიდგმება ტელესკოპი, განთავსდება სავაჭრო ჯიხურები. 
,,ვეჟინის“ ხელმძღვანელის, ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქ გურჯაანში ტურიზმის განვითარებას. 
,,ჩვენი ორგანიზაცია ჩაერთო საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო ,,ელკანას“ მიერ. სამუშაო ობიექტად შეირჩა გურჯაანის დიდების მემორიალი, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია და არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. აღნიშნული პროექტის არქიტექტურული ნაწილის შექმნაში დაგვეხმარა გიორგი ხარიტონაშვილი და მისი უცხიელი მეგობრები. ისინი სწავლობენ ავსტრიაში დამათ გამოთქვეს სურვილი, რომ უანგაროდ დახმარებოდნენ გურჯაანს. თავიდან დიდი დაბრკოლებები გვქონდა, რადგან სამშენებლო მასალებით დროულად ვერ მოვამარაგეთ, მაგრამ ადგილობრივების და გამგეობის ძალისხმევით მოვახერხეთ პროექტის განხორციელება,’’– განუცხადა knews.ge-ს ლაურა ხარიტონაშვილმა.
მოხალისე არქიტექტორების ჯგუფის წევრი გიორგი ხარიტონაშვილი ამბობს, რომ მოხალისეობრივად განხორციელებული პროექტი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
,,მე კახელი ვარ სოფელ ვეჯინიდან და ერთი წლის წინ რომ ვიყავი ჩამოსული, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჯინისგან’’ შევიტყვე ამ პროექტის შესახებ. ამან ჩემი, როგორც ახალგაზრდა არქიტექტორის, დაიტერესება გამოიწვია, დიდი შანსი იყო, რომ ეს პროექტი წარმატებით განმეხორციელებინა, რომელიც დაეხმარებოდა ადგილობრივებს. მაშინვე გადავწყვიტე როგორც მოხალისეს, ამ პროექტისთვის ნახაზები გამეკეთებინა. მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ ნახაზები და კონსტრუქციის აწყობაც ჩვენს თავზე ავიღეთ. ყველამ ერთად ჩვენი ხარჯებით ვიყიდეთ ბილეთები და ჩამოვედით. ჩემი მეგობრები არ იცნობდნენ საქართველოს, მაგრამ როცა გაიგეს ეს პროექტი იყო სოციალური, გადაწყვიტეს ანაზღაურების გარეშე გაეკეთებინათ საქმე. ეს ჩვენთვის არის პირველი პროექტი, მაგრამ არა ბოლო. ჩვენ უკვე იმ პროცესში ვართ რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა არქიტექტორების, რომლებიც მზად ვიქნებით დავეხმაროთ იმ მოსახლეობას, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა არქიტექტორთან შეუკვეთოს პროექტები და შესაბამისად დაგეგმარება, ნახაზები და კონსტრუქციის აწყობა. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ხარიტონაშვილმა.
უცხოელმა მოხალისეებმა სოფია გარნერმა, ამანდა შპერგერმა, მარსელ ებნერმა, ლუკას ბენერმა, დილაი თიურემ, ნიკოლას კუკლაკისმა ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა სახის არქიტექტურული სამუშაო განახორციელეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მსგვასი სახის პროექტები გურჯაანში განხორციელდება.
,,ჩემი მოტივაცია არის მოსახლეობის დახმარება. როცა ჩემმა მეგობარმა მთხოვა პროექტში ჩართვა, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. მე ვსწავლობ და ვცხოვრობ ავსტრიაში, წარმოშობით გერმანელი ვარ’’, – განაცხადა ლუკას ბერენმა.
,,საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, კარგი ლანდშაფტი აქვს, ძალიან სტუმართმოყვარე და გულღია ადამიანები ცხოვრობენ. მიხარია, რომ ჩვენი იდეების რეალიზებას ვახდენთ, ამიტომ არის საინტერესო პროექტი, რომ დიდ გამოცდილებას ვიღებთ’’,–განუცხადა Knews.ge-ს ავსტრიელმა სტუდენტმა სოფია გარნერმა.
გურჯაანის დიდენის მემორიალის რეაბილიტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი,, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოებზე, რომლიც შემოდგომაზე დასრულდება, 18 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.