ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება
გამოცემა washingtonian.com წერს, რომ ქართული ღვინო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა აქამდე ვაშინგტონში ქართული რესტორანი არ ფუნქციონირებდა და ქართული კერძების ნაწილის დაგემოვნება მხოლოდ რამდენიმე საკვებ ობიექტში იყო შესაძლებელი.
რესტორანის მფლობელი ჯონათან ნელმსი ამბობს, რომ კარგად იცნობს საქართველოს და ქართულ სამზარეულოს.
“პირველი ქართველი მეგობარი 1989 წელს შევიძინე, როდესაც ჩვენს კოლეჯში სასწავლებლად ქართველი სტუდენტი ჩავიდა. მოგვიანებით მივლინებით მოსკოვში მომიწია გადასვლა, სადაც ქართულ სამზარეულოს გავეცანი“, – აღნიშნავს ჯონათან ნელმსი.
რესტორნის მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება, რომელიც მანამდე საქართველოს საელჩოში მუშაობდა.
ქართული რესტორნის მენიუში შევა ხაჭაპური, ხინკალი, ჩაქაფული და სხვა ტრადიციული ქართული კერძები.
რესტორნის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება.