ქართული ქლიავის ჩირის კომპოტი გერმანიაში გაიყიდება
თბილისში მცხოვრები მეწარმე ეკა ჟვანია ამბობს, რომ ქლიავის ჩირის კომპოტი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, რომელიც ორგანიზმიდან ქოლესტერინისა და მარილების განდევნას უწყობს ხელს და ნახშირწყლების ცვლას აუმჯობესებს. კომპოტი უკვე იყიდება “ელკანას” მიერ დაფუძნებულ მაღაზია “ბიოველში”.
’’ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ’’ნიკორასა“ და ’’ავერსის“ ქსელებში ვაპირებთ კომპოტის შეტანას. ახლახან გერმანიიდან მოგვივიდა შეკვეთა, რისთვისაც პრაქტიკულად მზად ვართ. ასევე დუბაიდან პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან დავასრულეთ მოლაპარაკება, სადაც ჩვენი კომპოტის სასინჯი პარტია უკვე გაგზავნილია და ვფიქრობ, დუბაის ბაზარზეც შევალთ. ჩვენ ლაბორატორიული კვლევის დასკვნა გვაქვს, რომელიც ჩვენი კომპოტის ხარისხიანობას და ნატურალურობას ადასტურებს. ჩვენი პროდუქტი ბიო-სერტიფიცირებულია. კომპოტი დიეტურ პროდუქტს წარმოადგენს. ხაზს გავუსვამ, რომ ჩირის კომპოტის სამკურნალო დანიშნულებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება #258/ნ სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ ადასტურებს“, – ამბობს ეკა ჟვანია.
მეწარმის მტკიცებით, პროდუქციას მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მისივე ინფორმაციით, კომპოტი კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, ქიმიურ დანამატებსა და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.
’’ჩვენი პროდუქტი ნატურალური და რეგიონისთვის უპრეცედენტოა და ამაში მომხმარებელი მისი დაგემოვნებისთანავე დარწმუნდება. კომპოტში ყველანაირი ვიტამინი, გემო და სასარგებლო თვისებები შენარჩუნებულია, რაც აგრო სასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კომპოტი უნიკალურია, შეუცვლელი და სასარგებლო ყველა ბავშვისთვის, იგი წლის ნებისმიერ დროს ნატურალური პროდუქტისგან იქმნება,“-აღნიშნავს ჟვანია.