“აჭარა ჯგუფი” კახეთში “ფერმიდან სუფრამდე” კონცეფციის სასტუმროს აშენებას გეგმავს
კომპანია “აჭარა ჯგუფი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში “ფერმიდან მაგიდამდე” კონცეფციის სასტუმროს აშენებას გეგმავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სასტუმროს საკუთარი ბაღები, ფერმები და საწარმოები ექნება.
ვალერი ჩეხერაია მიუთითებს, რომ „უდაბნოში“ მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი სტუმრებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილების შეუქმნის, რაც სასტუმროს კონცეფციის მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება. მისივე თქმით, სასტუმროს ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თუნდაც ცოტა ხნით იცხოვრონ ფერმერის ცხოვრებით და თავად დაკრიფონ მოსავალი, რომლითაც მათთვის სასურველ კერძს მოამზადებენ.
„პროექტი მზად არის და 2020 წლის ბოლოს სასტუმრო უკვე გვექნება სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე. ჩვენი პროდუქტით მომარაგდება არა მხოლოდ პროექტ „უდაბნოს“ ფარგლებში დაგეგმილი სასტუმრო, არამედ აჭარა ჯგუფის სხვა ობიექტებიც. ჩვენ პარტნიორ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთანაც ვაგრძელებთ მუშაობას და ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვფიქრობთ“, – ამბობს ვალერი ჩეხერაია.
პროექტის დირექტორი ნინო კვერნაძე კი ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. პროექტის ფარგლებში უკვე 400 ადამიანია დასაქმებული.
„პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან დავიწყეთ და დღეისთვის უკვე ვენახი და ნუშის და კენკრის ბაღები გვაქვს. ბაღების გასაშენებლად 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ასევე, სხვადასხვა ეტაპზე, ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ჩართულია პროექტის საქმიანობაში“, – აღნიშნავს კვერნაძე.
“აჭარა ჯგუფმა” საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პროექტ „უდაბნოს“ განსახორციელებლად 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში კომპანია 5 000 ჰექტარ მიწას ეტაპობრივად ითვისებს აგრომეწარმეობისა და აგრო-ტურიზმის განსავითარებლად. ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ინვესტიციების მოცულობა პროექტთან ერთად გაიზრდება და აჭარა ჯგუფი მერძეული მეურნეობის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.
“55 მილიონი ლარის ინვესტიცია მიწების შესყიდვას და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. აღნიშნული ინვესტიციით ასევე დაიფარა ბაღების, ვენახების და ფერმის მოწყობისა და საოპერაციო ხარჯებიც. ამასთანავე, ერთი კვირის წინ იტალიიდან ჩამოვიყვანეთ კამეჩები და თხები მერძეული მეურნეობის განსავითარებლად. სამომავლოდ მცირე საქათმის მოწყობასაც ვაპირებთ იმისთვის, რომ გვქონდეს საკუთარი კვერცხი“, – აცხადებს ნინო კვერნაძე.