თელავში მცხოვრები ანა სარქისოვის წარმატების ფორმულა
ცოტა ხნის წინ ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის გამზირზე ფრჩხილის მოვლის სტუდიო ,,Beauty Ann Studio’’ გაიხსნა. ფრჩხილის მოვლის მსურველებს სტუდიო მხოლოდ პრემიუმ კლასის და ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ მანიკურს და ე.წ. შილაკს სთავაზობს, რომელიც ჯანსაღი ფრჩხილის გარანტიას იძლევა და არ შეიცავს ფორმალდეჰიდს.
კომპანიის დამფუძნებელი ანა სარქისოვი განმარტავს, რომ მათი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მანიკურის და პედიკურის მიმართულებით მაღალი დონის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაა.
სარქისოვი ამბობს, რომ საქმიანობის დაწყებიდან მან წარმატებას მალევე მიაღწია და მათი სერვისით სულ უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება.
,,დავიბადე და გავიზარდე თელავში. ჩემი საქმიანობა და მოღვაწეობა სილამაზის სფეროსთან ახლო კავშირშია. ახლა ვთანამშრომლობ ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან, რომელსაც ფრჩხილის მოვლის მიმართულებით პრემიუმ კლასის ბრენდები შემოაქვს საქართველოში. ჩვენი სტუდიოც სწორედ ამ ბრენდებთან არის დაკავშირებული.
სტუდიოს გახსნა სულ მინდოდა. ვფიქრობდი, მაღალი კლასის სერვისი შემეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ვიცი თელაველებს ძალიან უყვართ ხარისხი, თავის მოვლა და მინდოდა მათთვის შემეთავაზებინა ის სერვისი, რომელიც აქ არის დეფიციტური.
თავიდან, რა თქმა უნდა, რთულია საქმიანობის დაწყება, რადგან კარგი და ხარისხიანი სერვისის შეთავაზებას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება. როცა ბიზნესს იწყებ, წინასწარ ყველანაირი რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული.
თელაველებს ვთავაზობ პრემიუმ კლასის მომსახურებას, ჩვენთან შემოსვლით ყველამ მაქსიმალურად უნდა დაისვენოს და განიტვირთოს’’, – განუცხადა knews.ge-ს ანა სარქისოვმა.
ის მიუთითებს, რომ ამ სფეროში დასაქმებულების განვითარებაზეც ზრუნავს. მისივე თქმით, სტუდიოს ბაზაზე გაიხსნება სასწავლო ცენტრი, სადაც სწავლა ყველა მსურველს შეეძლება, რაც მათ ამ მიმართულებით ბიზნესსაქმიანობის დაწყებაში ხელს შეუწყობს.
,,ჩვენ ყველა მსურველს განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას ვაძლევთ, მათ ვისაც ეს სფერო აინტერესებს. ჩვენ მათ ვასწავლით საქმეს, ფჩხილის მოვლას, იმისთვის, რომ შემდეგ დამოუკიდებლად იმუშავონ’’, – განაცხადა ანა სარქისოვმა.
იგი ამბობს, რომ ის წარმატებული 2009 წლიდან გახდა, როდესაც ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ,,ეივონში“ მუშაობა დაიწყო, სადაც მისთვის საინტერესო სფეროზე ბევრი ისწავლა.
მისი თქმით, წარმატების მისაღწევად თავის გუნდთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
,,ჩემი წარმატება ალბათ დაიწყო კომპანია ,,ეივონიდან’’ 2009 წელს, როდესაც შევუერთდი ამ გუნდს და ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ვფიქრობ, ის, რაც გავაკეთე არ არის საკმარისი და წარმატება ჯერ კიდევ წინ არის. ეს მხოლოდ დასაწყისია.
იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა გაიარო ბევრი სირთულე, მიიღო გამოცდილება და გქონდეს მიზანი.
ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული საქმიანობაში და გუნდთან ერთად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა საქმიანობაში. მინდა ისინი იყვნენ ძლიერი მენეჯერის ძლიერი გუნდი და ამისთის ყველაფერს გავაკეთებ.’’
ანა სარქისოვი მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით მედიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი აცხადებს, რომ knews. Ge-ს მიერ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ,,Beauty Ann Studio’’ კიდევ უფრო წარმატებული გახდა.
,,ვფიქრობ ამ ყველაფერში მედიის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. knews.ge-ზე დადებული მასალის მეშვეობით ჩემი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩვენ შესახებ ინფორმირებული.
ყველას, ვისაც უნდა საკუთარი საქმის დაწყება, ვურჩევ ხვალისთვის არ გადადოს, რადგან სანამ ისინი ფიქრობენ, სხვები უკვე მოქმედებას იწყებენ და თავიაანთ სფეროში წარმატებულები ხდებიან’’,- განაცხადა ანა სარქისოვმა.
ახალგაზრდა სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებას, სხვა მუნიციპალიტეტებში ფილიალების გახსნას და მომხმარებლებისთვის ფრჩხილის მოვლის მიმართულებით კახეთში დეფიციტური მომსახურებების შეთავაზებას გეგმავს.