ინტერვიუ ღვინის გიდთან, რომელმაც Forbes მკითხველს რჩევები მისცა
გასულ კვირას წამყვანმა საერთაშორისო გამოცემა Forbes-მა მსოფლიო საუკეთესო ტოპ ღვინის ბარების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სათაურით: სად უნდა დალიოთ ღვინო – მსოფლიოს უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის დედაქალაქში.
სტატიაში მოყვანილია წამყვანი ტურისტული გიდებისა და ექსპერტების რჩევები, რომელთაც შორის კახეთის კომპანიების ღვინის ბარებიც არის ნახსენები. სტატია ეყრდნობა მაკა თარაშვილის რჩევებს, რომელიც კახეთის ღვინის ტურებს უძღვება და რეკომენდაციას უწევს ღვინის ბარ ვინერიას, Vineria, მოსმიერს – Mosmiery Wines & Tapas, აგრეთვე, ,,ჭაჭის კუთხე”, ,,ცანგალას ღვინის მაღაზიას”, ,,ჯი.ვინო” და სხვა ადგილებს.
მსოფლიო მეღვინეობის საუკეთესო ადგილების შესახებ აღნიშნულია, რომ ქართველები საუკეთესო ღვინოებს ქმნიან, რაც უმეტესად, მცირე მწარმოებლების დამსახურებაა, რომლებიც ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისაგან შექმნილ საოცრად მრავალფეროვან პროდუქციას ქმნიან. ღვინოს ამზადებენ მიწისქვეშა თიხის ჭურჭელში, რასაც ქვევრი ეწოდება.
Knews.ge მაკა თარაშვილს ამ მნიშვნელოვან საკითხზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:
– მაკა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ფორბსის მიერ გამოქვეყნებული სტატია, სადაც საქართველო მსოფლიო ღვინის ქვეყნად არის აღიარებული და ჩვენს დედაქალაქში ღვინის საუკეთესო ადგილებს ურჩევენ?
– ჟურნალ „ფორბსში “ გამოქვეყნებული სტატია თბილისის საუკეთესო ღვინის ბარებზე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. როგორც იცით, Forbes არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, ცნობადი და რეიტინგული ბიზნეს ჟურნალი. მილიონობით გამომწერი და მკითხველი ჰყავს, (რომელთა შორის ბევრი პოტენციური ინვესტორიცაა რედ.) საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ეს ოფიციალურად აღიარებულია და ამაზე დღემდე წერენ ცნობილი, თუ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი გამოცემები.
Forbes -ის მკითხველი თუ საქართველოში ჩამოვა, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ინტერესი უბრალო ტურისტის ინტერესებს სცდება, ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
– როგორ დაგიკავშირდნენ ფორბსიდან და რითია გამორჩეული სტუმრებისთვის ის ადგილები, რომელსაც რეკომენდაცია გაუწიეთ?
– ამ სტატიის ავტორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის რეკომენდაციით დამიკავშირდა. ეს სასიხარულო იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც. ჯერ ტურიზმის ადმინისტრაციის წინაშე, მერე საკუთარი თავისა, და ბოლოს თვითონ ჟურნალის მკითხველის წინაშე.
ღვინის ბარები, რომლებსაც რეკომენდაცია გავუწიე, ფრთხილად შევარჩიე. ჩემთვის მთავარია ღვინის ხარისხი, არჩევანის საშუალება, გარემო და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მომსახურე პერსონალი. სტატიაში ჩამოთვლილი ღვინის ბარები სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს აკმაყოფილებს თავიანთი კონცეფციით და ღვინის არჩევანით.
არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ ერთგან ხარ ნამყოფი სხვა ღვინის ბარშიც ზუსტად ის დაგხვდება რაც პირველში; ტურისტების უმრავლესობა არ იცნობს ქართული ღვინოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სად გასინჯავენ, როგორ გარემოში, ვინ აღმოჩნდება მათი სომელიე, თუ მასპინძელი.
ღვინის ბარი, ეს არ არის სუპერმარკეტი: შეხედო ბოთლს, ფასს, ეტიკეტს იყიდო და გახვიდე. ღვინის ბარი არის ერთი დიდი ემოცია, ადგილი, სადაც სულ რამდენიმე საათში შეიძლება ზუსტად იმდენი ემოციით დაიტვირთო, რისთვისაც მთელი კვირა გაქვს დაგეგმილი მოგზაურობა.
– მაკა, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო კახეთში ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს მთავრობამ და კერძო სექტორმა?
– კახეთში ღვინის ტურიზმი სხვა რეგიონებთან შედარებით განვითარებულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის არ არის, რაც ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს გვინდა.
ამისათვის საჭიროა ღვინის ტურიზმში ჩართული ადამიანებისა და ადგილობრივი საზოგადოების უფრო მეტი განათლების ხელშეწყობა, რადგან ტურიზმს მხოლოდ უცხო ქვეყნიდან მოსული ტურისტი არ ავითარებს, აუცილებელია ადგილობრივების გააქტიურება.
სახელმწიფო და არა სამთავრობო სტრუქტურები სისტემატიურად მუშაობენ ტურიზმის და, კერძოდ, ღვინის ტურიზმის განვითარებაზე. კონკრეტულად კახეთში ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მოუსმინოს პროფესიონალებს და დაიწყოს მოქმედება, სიახლეა საჭირო. საბედნიეროდ, კახეთში გვყავს თითზე ჩამოსათვლელი ისეთი ადამიანები რომლებიც უსმენენ ადამიანებს და უანგაროდ ეხმარებიან მათ ბიზნეს იდეების განხორციელებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც წარმატებული ბიზნესმენი სტიმულს გაძლევს. მე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.