მოქალაქეები მიწის რეგისტრაციას შეძლებენ იმ დოკუმენტებით, რომლებითაც დღეს მიწის დაკანონება შეუძლებელია
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მოქალაქეები მიწის რეგისტრაციას შეძლებენ იმ დოკუმენტებით, რომლებითაც დღეს მიწის დაკანონება შეუძლებელია.
მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას თეა წულუკიანმა წარუდგინა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.
,,აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.
რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები.
ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.
მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი;
კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;
შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის. დღეს ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი.
აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს; მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ; თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს, “– აღნიშნულია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტში.