პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილი ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს
გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში დაპირისპირების დროს მოკლული ვისი მუთოშვილი ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს. ინფორმაციას მოკლულის ნათესავები ავრცელებენ.
ლუიზა მუთოშვილის მტკიცებით, მისი ბიძა იმის გამო მოკლეს, რომ პანკისში “ხადორი 3”-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკსის ხეობის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა. დაშავებულები თელავისა და ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.