სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება. პროექტს კომპანია „ამხანაგობა 21″ 2021 წლის გაზაფხულზე დაასრულებს.
კომპანიის დირექტორის, გია აბულაძის თქმით, სოფელში შეიქმნება ცენტრი, მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.
„ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. აქ არის ქალაქური ტიპის განაშენიანება.
სოფელში ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სომხები და ეს იყო დიდი სავაჭრო პოტენციალის მქონე ტერიტორია.
გარდა ამისა, სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომელთა მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა”, – განაცხადა გიორგი აბულაძემ.
პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარია.
,,პროექტის სრული ვერსია 2020 წლის აპრილის ბოლოს ან მაისში იქნება მზად, ზაფხულში გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, საბოლოოდ კი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება”,- აღნიშნა აბულაძემ.
ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე ძველი ისტორიული საცხოვრებელი სახლების მფლობელები მარნების რეაბილიტაციას და ტურისტული ობიექტების მოწყობას გეგმავენ.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ რეაბილიტაციისას აუცილებელია შენარჩუნებული იყოს ის სიძველე, რომელიც შენობებს ისტორიულ მნიშვნელობას სძენს.
,,ამ სახლში 50 წელზე მეტია ვცხოვრობთ. გადმოცემით ვიცი, რომ 1910 წელს დამთავრდა ამ შენობის მშენებლობა. აქ ყოფილა ლაბორატორია, რომელიც სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული. როგორც გავიგე, ამ შენობაში გამოყავდათ სპეციალური ჭიები, ამრავლებდნენ და შემდეგ არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენახებში უშვებდნენ.
შენობის მეორე სართულზე იყო სასამართლო და წინასწარი დაკავების იზოლატორი. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, ძველი რემონტი ახლით შეგვეცვალა და კედლებზე პატიმრების მიერ დაწერილი წარწერები აღმოვაჩინეთ.
ეწერა სახელები, გვარები და წლები. ასევე გვაქვს სარდაფი, სადაც ადრე ყოფილა დუქანი. სწორედ ეს ისტორია უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და რეაბილიტაციისას ეს უნდა გაითვალისწინონ. არ უნდა დაიკარგოს ის სიძველე”,- განუცხადა knews.ge-ს ლევან კაპანაძემ.