ხმელი ფოთლების დაწვა კარცეროგენებს გამოყოფს
სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოებში და ბაღებში მოგროვილ ხმელ და ნედლ ფოთლებს ადგილზე წვავს, რაც გარემოს დამცველების თქმით, ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს.
გარემოს დამცველის, ,,ბუნების მოყვარულთა საზოგადოების“ დირექტორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, 1 ტონა მცენარეული ნარჩენის კვამლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს, ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთწოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი, მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.
-,,ფოთოლი როცა იწვება, მისი უდიდესი ნაწილი არ არის მშრალი და ბოლომდე გამხმარი, ამას ჰქვია არასრული წვა, კვამლი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, ძალიან ბევრ შხამიან ნივთიერებას, მათ შორის მეთანს შეიცავს, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან საშიში. ეს კი მრავალი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა.
რაც შეეხება ბუნებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და მატებს ამიაკისა და მეთანის რაოდენობას ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ.
მე მიმაჩნია, რომ ჩემი გამოთვლებით სეზონურად ნარჩენების 30%, რომელიც თელავიდან გადის, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, არის ფოთოლი. მე არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს ნარჩენები გადიოდეს ნაგავსაყრელზე,’’ – განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
მისივე თქმით, ფოთლის წვა არის სეზონური პროცესი, რომელიც დასახლებულ ადგილებში ძირითადად გაზაფხულობითა და შემოდგომობით მიმდინარეობს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში – გაზაფხულობით.
სუხიტაშვილის განმარტებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ფოთოლი ბუნების მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც კომპოსტირების ან მისი მინერალიზაციის შემთხვევაში, იქცევა ძალიან კარგ და სასარგებლო სასუქად, რომელიც შემდეგ შეიძლება, ფერმერებმა ან ქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენონ.
,,სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მხრიდან ინიციატივა და მზაობა, რომ ფოთლები შევინახოთ და სასუქად გარდავქმნად.
როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ არ უნდა დაწვას ფოთოლი, მაშინ უნდა შევთავაზოთ მას ალტერნატივა, რა ღონისძიებას მიმართოს. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვურჩიო მოსახლეობას, რომ დატოვონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ფოთოლი, ის არაფერს არ უშლით მათ და პირიქით სასარგებლოც კია კარგი მოსავლის მისაღებად”,– აცხადებს სუხიტაშვილი.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ექსპერტი ერთ-ერთ გამოსავლად საკომპოსტე ადგილების მოწყობას მიიჩნევს, რომლის გაკეთებაც ძვირი არ ჯდება.
,,უნდა გაკეთდეს ხის ყუთივით სათავსი და გამხმარი ფოთლები ჩაიყაროს. მერე კი გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა გარკვეული პერიოდულობით უნდა ამოურიონ, ერთ წელიწადში კი ამ ყველაფრის შედეგად მიიღება უკვე სასუქი, რომელიც შემდეგ გამოდგება გამწვანებისთვის.
ამას ფინანსები არ სჭირდება და ეს ქალაქისთვის კარგის მომტანი იქნება არა მარტო ფინანსური და ეკონომიკური, არამედ ესტეთიკური თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება. ყველა ტურისტს მოსწონს ისეთ ქალაქში მოგზაურობა, სადაც თვითმმართველობა და საზოგადოება ბუნებაზე ზრუნავს”,– განაცხადა სუხიტაშვილმა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფოთლების წვის დროს გამოყოფილი ბოლი ჯანმრთელობისთვის საშიშია, მათი უმეტესი ნაწილი აღნიშნულ პრაქტიკას მაინც იყენებს.
მოსახლეობის მეორე ნაწილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის მანქანებით სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები რეგულარულად გააქვთ, ფოთლების ეზოში მოგროვება და ადგილზე დაწვა მათთვის მოსახერხებელია.
იხილეთ ამავე თემაზე Knews.ge-ს მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა: