განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი-საარჩევნო პროცესი ლაგოდეხში მშვიდ ვითარებაში წარიმართა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 20:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
„რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები ძირითადად ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, რომელთაც კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია. კერძოდ, დაფიქსირდა: საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირებისა და ასევე საარჩევნო სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენლის ყოფნის შემთხვევები, რომლებზე მითითების შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნები.
საარჩევნო ბიულეტენების ფაქტობრივი რაოდენობის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ რაოდენობასთან შეუსაბამობა და დასტაში ბიულეტენების ნაკლებობა. სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ საქართველოს მოქალაქის ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა, რაც აღიკვეთა ჩვენი დამკვირვებლების მითითების და კომისიის კანონიერი ქმედების შედეგად;
ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მხრიდან მარკირების შემოწმების პროცედურის, ხოლო რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ რეგისტრაციის პროცედურის არაჯეროვნად შესრულების ერთეული შემთხვევები;
არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში დახმარების მცდელობა, რომელიც ჩვენი დამკვირვებლის მითითების შედეგად აღმოიფხვრა; ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ხმის მიცემა კენჭისყრის კაბინის გარეთ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების მიმდებარედ ამომრჩევლების კონტროლი ხდებოდა.
„აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე არაერთგზის დაფიქსირდა ჩვენ მიერ, რაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების ყოფნასა და ამომრჩევლების აღრიცხვაში გამოიხატებოდა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს ლაგოდეხის საარჩევნო უბანზე, რომელიც მათი ინფორმაცით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ იყო.
„გვსურს, აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო შშმ პირი, უბანი არ იყო ადაპტირებული, რაც გასათვალისწინებელი ფაქტია და მოითხოვს სამომავლოდ შესაბამის რეაგირებას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობს. სადამკვირვებლო მისია პროცესის მონიტორინგს აგრძელებს.