ლაგოდეხში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და ოთხივე უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. რეგისტრირებული 4 229 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 57%-მა.
ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, არანაირ გართულებებს ადგილი არ ჰქონია დ არც ერთ უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.
მისი თქმით, არჩევნები 4 უბანზე სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდა.
,,საარჩევნო პროცესი დასრულდა, უბნები დაიხურა და დაიწყო დოკუმენტაციის დალუქვის და ხმების დათვლის პროცედურა. დღის განმავლობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. არჩევნებში მონაწილეობა 2413-მა ამომრჩეველმა მიიღო რაც საერთო ჯამში 57,6 %-ს შეადგენს”,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
ლაგოდეხის აფენის თემში საკრებულოს დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი – „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო უფლებამოსილება შეუწყდა და დაინიშნა შუალედური არჩევნები.