მეორადი ნივთებისგან შექმნილი ქანდაკებები
ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ვაჟა ფურცელაძე მეორადი ნივთებისგან სხვადასხვა სახის ქანდაკებას ამზადებს. ვაჟა თავდაპირველად ხატავდა, თუმცა შემდეგ სკულპტურების შექმნა დაიწყო.
მან პირველი ნამუშევარი მე-9 კლასში შექმნა და იმდენად მოეწონა ეს საქმე, რომ გადაწყვიტა მისი ჰობი გამხდარიყო.
,,ერთდროულად ხელოვნების რამდენიმე განხრას მივყვები და საბოლოოდ ყოველივეს ერთად თავმოყრას ვცდილობ საკუთარ სკულპტურებში. თავიდან მხოლოდ ხატვაში ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თუმცა ყოველთვის გამაჩნდა ძლიერი სწრაფვა რაღაც ნოვატორულისაკენ. საკმარისი იყო ამ სურვილზე მაქსიმალურად კონცენტრირება, რომ ახალი უნარები აღმოვაჩინე: მანამდე გამოუსადეგარი ნივთებისგან პირველი სკულპტურა მე-9 კლასში შევქმენი.
ამ უკანასკნელმა მომცა მოტივაცია, რომლის მეშვეობითაც შემეძლო ჩემი უნარები მაქსიმალურად დამეხვეწა და ასევე მომეხდინა მათი ინტეგრირება. შედეგად დავიწყე მოტოციკლების, იარაღების აწყობა. შემდეგ თითქოს საკუთარ შესაძლებლობებს გადავაჭარბე და შევქმენი რობოტის პირველი სკლუპტურა’’,- განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ფურცელაძემ.
ხელოვანმა პირველი მცდელობების შემდეგ უფრო დახვეწილი დიზაინის 4 რობოტი ააწყო. პირველი ნამუშევრების შექმნის შემდეგ ვაჟა ფურცელაძემ გადაწყვიტა ნამდვილი სკულპტურების დამზადება და მცდელობამ გაამართლა, რადგან მისი შექმნილი ნამუშევარი ყველა დამთვალიერებლის მოწონებას იმსახურებს.