81 წლის ასაკში ქორეოგრაფი ძაბული გურგენიძე გარდაიცვალა
81 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ ანსამბლ “გურჯაანის” ხელმძღვანელი და ცნობილი ქორეოგრაფი ძაბული გურგენიძე გარდაიცვალა.
ძაბული გურგენიძე 60 წლის განმავლობაში მეუღლესთან, ავთანდილ გურგენიძესთან ერთად სათავეში ედგა ცეკვის სტუდია ,,გურჯაანს”, რომელმაც როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ბევრ წარმატებას მიაღწია.
მისი მეგობრების განმარტებით, ის მეუღლესთან ერთად კახური ცეკვის მოძიებისა და აღდგენის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობდა. მათ კახური ცეკვის საცეკვაო ლექსიკისა და მუსიკალური შინაარსის გამოყენებით დადგმული აქვთ ცეკვები: „კახური ფერხული“, „ბუქნური“, „სადარბაზო“, „სიზმარი“, „9 ძმა ხერხეულიძე“ და სხვა.
,,ძაბული გურგენიძე სურამში დაიბადა და გაიზარდა. 20 წლის ასაკში თავისი ბედი გურჯაანში მცხოვრებ ავთანდილ გურგენიძეს დაუკავშირა და მას შემდეგ მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების განვითარების კუთხით აქტიურად მუშაობდა.
ძაბული და ავთანდილ გურგენიძეების მიერ დაარსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბევრი ახალგაზრდა დაეუფლა ცეკვის ხელოვნებას, რომლებმაც შემდეგ წარმატებას მიაღწიეს.
მას ქართულ-ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვთ ღირსების ორდენი. ის ასევე იყო გურჯაანის საპატიო მოქალაქე. ის იყო სიყვარულის, ერთგულების და მეგობრობის მაგალითი.
მისი გასვლა ამ ქვეყნიდან განუზომელი ტკივილია არა მარტო ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, ასევე კახელებისთვის”,-აცხადებენ ძაბული გურგენიძეს მეგობრები.