ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

ევროკავშირი და FAO სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს იწყებენ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)  ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად.

ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები.  დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

 მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. აღნიშნულ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა, მერძევეობა და მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

საგრანტო კონკურსის მიხედვით, ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60 %-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 60%-მდე.

დონორი ორგანიზაციები სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის მისატანად რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.

შეხვედრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 ნოემბერს 14:00 საათზე, ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება, ხოლო  დედოფლისწყაროში 31 ოქტომბერს.