თელავში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონული ოფისი გაიხსნა
თელავში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისი გაიხსნა, რომელსაც გიორგი ბიძინაშვილი უხელმძღვანელებს.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისის გახსნას საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განმარტებით, ისინი რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, თუმცა მათი საქმიანობის ძირითადი სფერო არის კორუფციასთან და უსამართლობასთან ბრძოლა.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს თელავში რეგიონული ოფისი და მათი წარმომადგენლობა, რომლებიც გარდა მონიტორინგისა, მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებასაც გაუწევენ.
,,ჩვენ ვებრძვით კორუფციას საქართველოს ყველა რეგიონში და თელავშიც ამ ოფისის გახსნის მთავარი მიზანი ეს არის. არ გვიყვარს, როცა საჯარო მოხელეები ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს, ან ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს. ჩვენ სწორედ იმ ადამიანებს ვებრძვით, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის სხვადასხვა ფორმებში.
მეორე მიმართულება არის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ პრობლემა, ან მათ ჩაგრავს სახელმწიფო და არ აქვთ ფული, რომ წავიდნენ სასამართლოში და იქირაონ ადვოკატი. ზუსტად ამ სერვისს ვთავაზობთ მოსახლეობას, რომ თუ კი ვინმე დაჩაგრავთ, აუცილებლად მოვიდნენ ჩვენს ოფსში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, წავალთ სასამართლოში და მათ ამისთვის არანაირი ანაზღაურის გადახდა არ მოუწვთ.
გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო ახლოს ვიყოთ რეგიონის მოსახლეობასთან. თბილისში აქტიურები ვართ, მაგრამ ყოველთვის გვაკლია ინფორმაცია რეგიონებიდან”,-განუცხადა knews.ge-ს ეკა გიგაურმა.