ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი თელავსა და ლაგოდეხში შეხვედრებს გამართავს
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსარია პუგლისი 16 ოქტომბერს ლაგოდეხსა და თელავში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
იგი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს, ეთნიკურ უმცირესობებს და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომლებს შეხვდება.
შეხვედრა თელავში, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათზე, ხოლო ლაგოდეხის მუსიკალურ სახლიში 15:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, 3-დან 31 ოქტომბრამდე საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები მიმდინარეობს, სწორედ აღნიშნული დღეების ფარგლებში ჩატარდება კახეთში შეხვედრები.
,,წლევანდელი ნატოს დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და ნატო საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება. ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება.
ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება.
კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.