მოძრაობა ,, ქვეყნის სამსახურში” თელავში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს
#სირცხვილიას აქტივისტების ახალი მოძრაობა,, ქვეყნის სამსახურში” რეგიონებში გასვლას იწყებს.
აქტივისტების თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებს კახეთიდან დაიწყებენ. მათივე თქმით, 20 ოქტომბერს, 19 საათზე, თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.
“თელავს მოვუყვებით სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე, არჩევნებში წასვლის აუცილებლობაზე, მოვუსმენთ მათ პრობლემებს და გავაცნობთ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს”, – აცხადებენ #სირცხვილიას აქტივისტები.
მათივე თქმით, ისინი გეგმავენ გააძლიერონ აქტივისტთა მობილური ჯგუფები თბილისსა და რეგიონებში და შექმნან ახალი მედიაპლატფორმები.
შეგახსენებთ, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს პარლამენტთან.
სამთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია 20 სექტემბერს შეწყდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა სპეციალური განცხადება და სამოქმედო გეგმა გაავრცელეს და სხვადასხვა აქტივობის ჩატარება დააანონსეს.