წნორში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს თავის და გულმკერდის დაბეჟილობები, ასევე მეორე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. მას წნორის კლინიკაში მკურნალობენ.
ექიმების ცნობით, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას წელის არეში დაბეჟილობები აქვს. დაშავებული ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ წნორში გუშინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს “ოპელის” მარკის ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.
როგორც ,,knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი