თელავში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები, რომლებსაც თავისა და მუცლის ღრუს დაზიანებები აღენიშნებათ, ყამბარაშვილის კლინიკასა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ რეანიმაციულ განყოფილებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდებათ.
როგორც ,,knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი