ახალი ამბები

გურჯაანში ინოვაციების ცენტრი შენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, აშენდება ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მოხდება შენობის საინჟინრო ქსელების მოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.

,,პროექტის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც საგრანტო დაფინანსებაში, მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე  ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში.  რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას”,-განაცხადა გიორგი შენგელიამ.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.