გამჭვირვალე სკა- საგარეჯოელი მეფუტკრის ინოვაციური მეურნეობა
საგარეჯოელმა მეფუტკრემ, ნიკოლოზ ოსიყმიშვილმა, ინოვაციური ,,მუდმივი გამჭვირვალე სკა“ შექმნა. მან იდეა და სკების დიზაინი საქპატენტის დახმარებით დააპატენტა.
ოსიყმიშვილი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ რამდენიმე სართულიან თანამედროვე დიზაინის სკაში, რომელიც გამჭვირვალეა, ფუტკარი ველურ პირობებში ცხოვრობს, თავად ამზადებს ფიჭას და ნატურალურ თაფლს.
,,საქმიანობა თავიდან დავიწყე ხის უჩარჩო სკებით, თავადვე შევიმუშავე იმ სკებში ფუტკრის მოვლის ტექნოლოგია. ჩემს ხის სკებს, ყრუ ფსკერის ნაცვალდ ბადე აქვს, ფუტკარი წლის განმავლობაში ამ ბადეზე მყავს.
ძნელი არ იყო ჩემთვის მიხვედრა, რომ სკაში კედლის სისქე გადამწყვეტ როლს არ თამაშობდა, რადგან ის ტემპერატურა რაც სკის გარეთაა, სკაშიც იგივე უნდა ყოფილიყო, ამან კი გადამაწყვეტინა გამეკეთებინა შუშის კედლებიანი სკა. ექსპერიმენტისთვის დავამზადე ასეთი სკა, ჩასვი მასში ფუტკარი და დავიწყე დაკვირვება მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე ვუღებდი ვიდეოს.
ექსპერიმენტულ შუშის სკაში, ფუტკარმა შესანიშნავად გამოიზამთრა, მეორე წელს მოსავალიც მივიღე.
ამის შემდეგ, შევიმუშავე და დავაპატნტე უკვე ჩემი ახალი სკები ”ოსიყმიშვილის მუდმივი, გამჭვირვალე სკა“. ფიჭა რასაც თავად ფუტკარი ამზადებს, ნატურალურია. ჩავატარე ბევრი ექსპერიმენტი და დავამსხვრიე ის სტერეოტიპი, რომ თითქოს ფუტკარს დიდი მოვლა და დათბუნება სჭირდება.
გამჭვირვალე მუდმივ სკას, რომელიც მე დავაპატენტე, არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. ჩემეული მეფუტკრეობა ფაქტიურად არ მოიხთოვს დროს, არაა მასში დანახარჯები როგორიცაა ხელოვნური (პარაფინის) ფიჭა და ჩარჩოები.
სკა იხსნება მხოლოდ თაფლის ამოღების დროს, ისიც მხოლოდ ზედა თაფლიანი კორპუსი, რაც გარდა იმისა, რომ დროს არ გვართმევს ფუტკრის მოვლისას, ასევე ნაკლებად ავადდება ფუტკარიც, რადგან ხშირი სკის გახსნა და ფუტკართან კონტაქტი, იწვევს მის სტრესულ მდგომარეობას ”,-განაცხადა ნიკოლოზ ოსიყმიშვილმა.
მეფუტკრე სკების დიზაინის დაპატენტების პარალელურად გამჭვირვალე სკებს თავისი ხელით ამზადებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა დონორს ან პარტნიორს იშოვის, რომელიც სკების მასობრივ წარმოებაში დაეხმარება, სკების გასაყიდი ფასი ახლანდელთან შედარებით, ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
,,ვეძებ პარტნიორს, სკების წარმოებისთვის, როლის რეალიზაციაც სრულად ჩემეული ტექნოლოგიით მოხდება, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მასალა, რომელიც სკების დამზადებაში გამოიყენება, იქნება მეტალი, პოლიკარბონატი და პლასტიკი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო,”– აცხადებს ოსიყმიშვილი.
იგი ასევე ვიდეო გაკვეთილებსაც ამზადებს, რომლის დახმარებითაც მსურველებს ფუტკრების მოვლის და ხარისხიანი თაფლის მიღების ინოვაციურ გზებს ასწავლის.