თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თელავის თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე კონცერტი გაიმართება, რომლის ფარლებშიც მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები: კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.
საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად არიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.
წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა – „საუბრები მუსიკაზე“ – ინტერაქტიული შეხვედრები, რომლებზეც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს და გაეცნოს მიწვეულ სტუმრებს. შეხვედრის მოდერატორები ზურაბ ქარუმიძე და ზაზა შათირიშვილი იქნებიან.
ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ქება ვაზისა” ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა, რომელიც 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში ყოველწლიურად იმართება.