„თელავინო“ შემოდგომის ღვინის ფესტივალების ტოპ-ხუთეულში მოხვდა
ქართული ფესტივალი „თელავინო“ შევიდა ხუთი საუკეთესო ღვინის ფესტივალის ჩამონათვალში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დსთ-ს და მეზობელ ქვეყნებში იმართება, ჩამონათვალი ანალიტიკურმა სააგენტო TurStat-მა შეადგინა.
ღვინის ფესტივალი “თელავინო” ყოველწლიურად ტარდება. ის 2014 წელს დააარსა კახეთის მეღვინეთა ამქარმა. ფესტივალი ემთხვევა რთველის შეჯამების პერიოდს და მისი მიზანი არის ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და ქართული ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაცია.
“ყველა მსურველს ვიწვევთ თელავში, უკვე ტრადიციად ქცეულ ღვინის ფესტივალზე “თელავინო 2019” ველოდებით ყველას ვისაც სურვილი აქვს დააგემოვნოს ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, მონაწილეობა მიიღოს თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში და დაათვალიეროს სპეციალურად შექმნილი შემოდგომის პავილიონები”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალი წელსაც ტრადიციულად მეფე ერეკლე მეორის სასახლის და ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე 5 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს.