ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი თელავში სამოქალაქო ჩართულობის პროექტს იწყებს
ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი თელავში სამოქალაქო ჩართულობის პროექტს იწყებს.
პროექტის “საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ” ფარგლებში მსურველებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისთვის მასტერკლასებს 10 სექტემბრიდან თელავში დაიწყებს.
,,ეს პროექტი მათთვის არის ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება კონკრეტულ სფეროში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა და გამოცდილების დაგროვება. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ ქალაქში და მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა გუნდთან ერთად შეიტანონ წვლილი ახალი სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა და განვითარებაში.
შერჩეული მონაწილეები გაივლიან სხვადასხვა მასტერკლასებს შემდეგ სფეროებში:
საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რატომ დასავლეთი? – ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა, გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები;
ასევე გაეცნობიან თემას: ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება, კანონიერება და მართლწესრიგი – ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი, ეკონომიკური პოლიტიკა – როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლიანი ეკონომიკური ზრდა,მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება, სამოქალაქო განათლება, კულტურა და იდენტობა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან საზოგადოებისთვის ცნობილ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს და ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად, შეძლებენ ჩაერთონ აქტუალური თემების გარშემო დისკუსიებში, მიიღონ მონაწილეობა დებატების წარმართვის და საჯარო გამოსვლების სიმულაციაში, ასევე, კონკრეტული პროექტების მომზადებაში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა მსურველს. მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ აპლიკაციის მიხედვით. მასტერკლასები თელავში, 10 სექტემბერს სასტუმროში “ჰოლიდეი ინი”, 10:00 საათზე დაიწყება’’,- აცხადებენ ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრის წარმომადგენლები.
მათი განმარტებით, მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაცისთვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/31VZO9g