,,წელს ყურძნის ფასი გასულ წელთან შედარებით, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება”
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კერძო კომპანიებში არსებული მარაგების გამო წელს ყურძნის ფასი გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა ნაკლები იყოს.
ლევან მეხუზლას თქმით, წელსაც ყურძნის ფასის სუბსიდირება არ იგეგმება.
„წელს დაახლოებით 200-250 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით. შარშანდელი რეკორდული მოსავლის გამო საკმაო მარაგები დაგროვდა კერძო კომპანიებში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნა თავისუფალ ბაზარზე ყოველ შემთხვევაში თეთრ ყურძენზე ნაკლები იქნება. გარდა ამისა, ჩვენ არ შევალთ სუბსიდიაში”, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მთავრობა რთველის მხარდასაჭერად წელსაც 20 მილიონს გამოყოფს.
აღნიშნული თანხა დაიხარჯება როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვისთვის, გადამუშავებისთვის, დასაწყობებისა და შენახვისთვის.
შესაბამისი პირდაპირი შესყიდვის თანხმობა “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ ს.ს „აკურას“ მთავრობამ უკვე მისცა.