მაშველებმა ყვარელში ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს
მაშველებმა ყვარელში ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყვარელში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო ადამიანი.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
,,მაშველებმა, სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაათავისუფლეს. ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს.
მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”,- განაცხადეს
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.