ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება
ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 24 აგვისტომდე გაგრძელდება.
კონცერტები ყოველ შაბათს, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს ჩატარდება.
ფესტივალს ამერიკული ბლუზის ვარსკვლავი, კრის კეინი გახსნის. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ ბლუზ-მუსიკოსი და ფესტივალის არტ-დირექტორი გია ძაგნიძე, ინსტრუმენტალისტი ირაკლი კიკვაძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ასევე წარდგება, დივა შერონ ლიუისი, ასევე ევროპული ბლუზის წარმომადგენელი ლუკა ჯორდანო. ფესტივალის სტუმრები პირველად მოისმენენ კლასიკურ ბლუზს იტალიურ სტილში.
საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალი კომპანია Blues Village-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი