სოფელ ბაკურციხეში ვენახები დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახები დაიწვა. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ხანძარი 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია თელავის, სიღნაღის, ყვარლის და წნორის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ტექნიკა.
მისივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
,,შემთხვევის ადგილზე ვარ და სიტუაციას ადგილზე ვეცნობით. ხანძარი იყო ბაკურციხე-კარდენახის სავარგულებზე, დაახლოებით10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, საიდანაც დიდ ფართობზე გაშენებულია კერძო პირების ვენახები, რომლებიც დაიწვა ხანძრის შედეგად.
კარგად იმუშავეს სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება”,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სმეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა’.”
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.