ახალი ამბები

ირაკლი სესიაშვილი მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„დღეს, განცხადებების დროს, ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისაუბრე, რომ დაშავდა 100 პოლიციელი, ასევე – 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი.

თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტულად იქნა ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე. მინდა ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისათვის, რომ პოლიცია პირველ 2 საათში შეკავებით ღონიძიებას ახორციელებდა.

თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნულ საკითხზე დღეს გააკეთა განცხადება. მისი თქმით,  20 ივნისს მიმდინარე აქციაზე ვითარების დაძაბვიდან პირველი ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი დაშავდა, ისიც ჭყლეტაში.