რას ფიქრობენ თელავში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე
„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას თელავში პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოეხმაურნენ.
პოლიტიკოსები არჩევნების პროპორციული სისტემით 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებას დაუშვებლად მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული სისტემით არჩევნების ჩატარება ნიშნავს მთავრობის სატელიტი პარტიების შექმნას, რომელთა დახმარებითაც მმართველი ძალა ისევ უმრავლესობაში იქნება.
,,ივანიშვილი ყველანაირად შეეცდება, რომ რამენაირად შეინაჩუნოს ძალაუფლება. ეს არ არის ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პროტესტს გამოხატავს ამ დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა ეს არის მასზე მორგებული და აუცილებლად აქვს გათვლილი რაღაცეები წინაწარ.
ჩვენ მუშაობის და პროტესტის პროცესში აუცილებლად შევეცდებით მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ხალხის და არა ივანიშვილის ინტერესებზე მორგებული’’- განუცხადა „კახეთის ხმას“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმღანელმა გიორგი ბოტკოველმა.
,,ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი დადევითად აფასებს პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ნიკა ვარდოშვილი განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას, რაც მნიშვნელოვანია.
,,პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს იყო წლების განმავლობაში ოპოზიციის მოთხოვნა. ხელისუფლება ამაზე არ მოდიოდა იმიტომ რომ იცოდა, ის განწირული იყო აუცილებელი კრახისათვის.
ეს გადაწყვეტილება რაც იქნა მიღებული, არის აქციაზე მყოფი ხალხის დამსახურება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისთავად არის კარგი, რადგან მსოფლიოში, სადაც არის ერთპალატიანი პარლამენტი, არსად არ არის ეს მავნე, მანკიერი მაჟორიტარული სარჩევნო სისტემა’’,- განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.
,,ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ლიგის“ ხელმძღვანელი, ნოდარ ეჟიშვილი მიუთითებს, რომ 0%-იანი ბარიერი მმართველ პარტიას საშუალებას მისცემს მეტი პარტია შექმნას და მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში.
,,ივანიშვილი დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ევაჭროს ქართველ ხალხს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მიიღეს დაზიანებები. მართალია, მან მიიღო პროპორციული სისტემით არჩევების ჩატარების გადაწყვეტილება, თუმცა გააკეთა ერთი ცუდი რამ, დაწია ბარიერი 0%-ზე.
ეს ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს უამრავი სატელიტი პარტიის შექმნას, დააფინანსებს თვითონ, შეიყვანს პარლამენტში და იგივე უმრავლესობაში აღმოჩნდება. ახლაც აქვს კოალიცია შექმნილი და სწორედ ამის ხარჯზეა უმრავლესობაში’’,- განუცხადა „კახეთის ხმას“ ნოდარ ეჟიშვილმა.
მესამე სექტორის შეფასებით, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ხელს შეუწყობს ბევრი პოლიტიკური პარტიის პარლამენტში მოხვედრას.
თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, ნიკა შარვაშიძის თქმით, აღნიშნული სისტემით შეიქმნება მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც მოქალაქეების ინტერესებზე იქნება მორგებული.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ეს შერეული და მაჟორიტარული სისტემა იყო ძალიან ცუდი, მაჟორიტარები ყოველთვის იყვნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები და მათი გავლენა რეგიონებში იყო ყოველთვის დიდი.
პროპორციული სისტემა არის ერთ-ერთი დემოკრატიული სისტემა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კარგი პარლამენტი, სადაც ყველ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლობა მეტნაკლებად თანაბრად იქნება წარმოდგენილი და თანაბრად იქნება ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
ეს კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეები შეძლებენ, აირჩიონ თავისთვის სასურველი პარტია’’,- აღნიშნავს ნიკოლოზ შარვაშიძე.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლას პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური პარტიის მოხვედრის შესაძლებლობად აფასებს ,,სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელიც. არჩილ მჭედლიშვილი ამბობს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ერთპარტიულ მმართველობას გამორიცხავს.
,,პროპორციულ სისტემაზე გადასვლით, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მივიღებთ იმას, რაც გვეკუთვნის ანუ ისეთ პარლამენტს როგორი მხარდაჭერაც ექნებათ პარტიებს. დღევანდელ პარლამენტში 30%-ით არის წარმოდგენილი ,,ქართული ოცნება’’ და ასევე მაჟორიტარების ხარჯზე აქვს უმრავლესობა. ახალი პარლამენტი კი იქნება არა ერთ პირზე მორგებული, არამედ ხალხის ინტერესებზე.’’
ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებს ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილიც. მისი თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ყველა ხმა იქნება დაცული.
,,მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი და მისაღებია ეს. ამ შემთხვევაში ყველა ადამიანის ხმა იქნება დაცული. მე თუ მინდა, რომ ხმა მივცე რომელიმე პარტიას, ის ხმა იქნება დაცული. ეს არის ერთი კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯი და მადლობა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე დგანან. 2020 წელს ჩვენ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი’’,– განაცხადა მაკა მოსიაშვილმა.