რა არის ნულოვანი ბარიერი – შეფასებები
ნულოვანი ბარიერი ერთ-ერთი კარგი საარჩევნო სისტემაა – ის უზრუნველყოფს მიღებული ხმების მაქსიმალურად ზუსტად გარდასახვას მანდატებში, – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.
მენაბდის განმარტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ფაქტობრივად მხარდაჭერის შესაბამისი რაოდენობის მანდატი აქვთ და საზოგადოების განწყება ზუსტად არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში. მისივე თქმით, ეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია.
,,სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ, ისე გამოდის, რომ თითქოს ერთი ხმა ერთ მანდატს უდრის. ეს წარმომადგენლობით დემოკრატიაში შეუძლებელია. რეალურად, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიურ ფორმულას, სადაც დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს. საქართველოს შემთხევაში ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. ანუ ყველა 0.67%-ზე ერთი მანდატი ეკუთვნის პარტიას”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
,,თუ პროპორციული არჩევნების დანიშვნა შედეგია, 0%-იანი ბარიერი ქაოსის წინაპირობაა. შესაძლებელია, რომ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება 0%-იანი ბარიერის შესახებ, შეიცვალოს. 3 ან 5%-იანი ბარიერი უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა. ის, რომ 0%-იან ბარიერს ხელისუფლება საარჩევნოდ საკუთარ ინტერესებში გამოიყენებს, არამგონია ასე იყოს. “ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
იურისტი ლევან ალაფიშვილის განცხადებით, უნდა დაკონკრეტდეს, არჩევნებში მანდატები როგორ და ვის შორის გადანაწილდება.