თელავში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს
პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თელავში ბრიფინგი გამართეს.
ისინი 20 ივნისს აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ და ახალგაზრდების ცემასა და დასახიჩრებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
ბრიფინგის მონაწილეების თქმით, აქციაზე თელავში მცხოვრები ორი ახალგაზრდა უმიზეზოდ დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ერთს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, მეორე კი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და სასამართლო პროცესს ელოდება.
,,ბევრი ადამიანია ვალდებული, იდგეს დღეს აქციაზე დაზარალებულ ნიკა შარვაშიძის გვერდით. ის არის თელავის დემოკრატიის სკოლის დირექტორი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების განათლებაში.
დღეს პოლიტიკური პატიების, სამოქალაქო ორგანიზაციების და საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით, გავმართეთ შეხვედრა, რათა მხარი დავუჭიროთ აქციაზე დაზარალებულებს იმ კადრებიდან და სამედიცინო დასკვნებიდან გამომდინარე. ჩვენ ამაზე აუცილებლად ერთობლივად მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ცემაში”,- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.
აქციაზე დაზარალებული ნიკოლოზ შარვაშიძე იხსენებს, რომ ის გამთენიისას დააკავეს, როცა აქცია თითქმის დაშლილი იყო. მისივე თქმით, კონკრეტულმა პოლიციელებმა გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას და დაკავებულ ყველა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,მე გამთენიისას დამაკავეს, როცა აქციის დიდი ნაწილი დაშლილი იყო. მაშინ აქციის სხვა მონაწილეებს და ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი, რომელიც გაზით იყო მოწამლული.
ამ დროს დაიწყო შტურმი, შემოცვივდნენ პოლიციელები და განურჩევლად ყველა მომიტინგეს, აშავებდა თუ არა რამეს, უსწორდენოდნენ ფიზიკურად. ისინი დაკავებულებს გვაყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ გადაამეტეს ძალას. ამ დროს დამაკავეს, როცა მივიღე დაზიანებები”,- განუცხადა “კახეთის ხმა” ნიკოლოზ შარვაშიძემ.