ახალი ამბები

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ბილეთების რეალიზაცია შეწყვიტეს

ავიაკომპანიებმა Ural Airlines-მა, Aeroflot-მა, S7-მა, Red Wings-მა, Pobeda Airlines-მა და Smartavia-მ 8 ივლისის შემდეგ პერიოდზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეწყვიტეს და პირობა დადეს, რომ 8 ივლისამდე ფრენებს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით განახორციელებენ.

ამასთან, აღნიშნული ავიაკომპანიები მგზავრებს წინასწარ შეძენილი ავიაბილეთების საფასურს დაუბრუნებენ. ავიაკომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია მგზავრებს უკვე მიაწოდეს და ცხელი ხაზის ამოქმედებაც დაანონსეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.