პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. ირაკლი კობახიძია მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.
გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი