ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისი ინფორმაციით, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტლებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.
„მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. შესვლამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.
სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება კი 102 პაციენტი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი