რამდენი ადამიანია დაკავებული თბილისში აქციაზე უცნობია
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე აქციისას დაკავებულების ზუსტ რაოდენობას ამ დრომდე არ ასახელებს.
რუსთაველის გამზირზე დაკავებები გამთენიას დაიწყო. მანამდე, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ.
პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები.
აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.
ფოტო: გიორგი გოგუა