გურჯაანში აგრარული ბაზრის დემონტაჟი მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანში „გლეხური ბაზრის“ დემონტაჟი დაიწყო. ბაზრის დირექციამ მოვაჭრეებთან შეთანხმებას მიაღწია და ისინი სავაჭროდ დროებით სხვა ადგილას არიან გადაყვანილი.
აგრარული ბაზრიდ დირექტორის, ლამარა აკოფაშვლის ინფორმაციით, მათ მოვაჭრეების მოთხოვნა გაითვალისწინეს და დემონტაჟის მიუხედავად მუშაობაში ხელს არ უშლიან.
„თავიდან მოვაჭრეების მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ არ გვქონდა დახლების დანგრევის ნებართვა და ბაზრის პროექტი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყველა საბუთი მოწესრიგებული გვაქვს და მოვაჭრეებს გავაცანით კიდევაც. რაც ყველაზე მთავარია აქ აშენდება თანამედროვე სტანდარტების ბაზარი.
მოვაჭრეებს თავიდან ვთავაზობდით ბაზრის ტერიტორიაზე სხვა ადგილას ევაჭრათ, თუმცა იქ არ იყო სათანადო პირობები და გადასვლაზე უარს აცხადებდნენ. ამიტომ მერიის ჩართულობით შევქმენით პირობები, გავამზადეთ დახლები და გადავანაწილეთ მოვაჭრეები.
რადგან ეს პრობლემა მოიხსნა დავიწყეთ არსებული დახლების დემონტაჟი. გაკეთდება წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი ახალ ბაზარში,“- განაცხადა ლამარა აკოფაშვილმა.
ბაზრის მოვაჭრეების თქმით, მათ ეჭვი აქვთ რომ შესაძლოა ახალ ბაზარში შესვლა ვერ შეძლონ.
,,აქამდე არ ვაძლევდით დახლების დანგრევის ნებართვას. გუშინ დაპირისპირებაც მოხდა, რადგან არ ჰქონდათ დანგრევის ნებართვა თან. სანამ საბუთი არ მოიტანეს, მანამდე არ მივეცით სამუშაოების დაწყების საშუალება. გარდა ამისა, არ გვაქვს გარანტია, რომ იქ ბაზარი აშენდება და შეგვეძლება თუ არა ისევ დაბრუნება’’,- განაცხადა მოვაჭრე ბონდო ბერიძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამშვილის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დასრულდება და მოვაჭრეებს ევროპული სტანდარტების ბაზარში შეეძლებათ მუშაობა.
„ჩვენი ვალდებულება იყო, მოვაჭრეებს პრობლემა არ შექმნოდათ, რადგან მათ უკან ბანკები და ვალდებულებები დგას. მოვაჭრეები დროებით გადავიდნენ სხვა ადგილას. მივიტანეთ საჩრდილობლები, მაგიდები, რკინის კონსტრუქცია, რომელიც გადავიტანეთ ბაზარში და მოვაწყეთ ტერიტორია.
ბაზრის რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ, ორი თვე გაგრძელდება და მოვაჭრეები განახლებულ ბაზარში გადავლენ. ამის შემდეგ მათ გარემოვაჭრეებიც შეუერთდებიან“– განაცხადა ხანდამაშვილმა.