ნათია თურნავა -პანკისის მოვლენებზე მე ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პანკისში მცირე ჰესის მშენებლობის გამო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
მისი თქმით, კომუნიკაციის პრობლემამ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში დაბრკოლება ექმნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ეკონომიკის სამინისტროს დაანახა ენერგეტიკის დარგის სწრაფი რეფორმირების საჭიროება.
„ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე.
მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმიერბის ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაციის მხრივ, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პანკისის შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით წელიწადნახევარი აწარმოებდა კომუნიკაციას მოსახლეობასთან და იყო განსხვავებული მოლოდინები კომუნიკაციის შედეგებზე.