თელავში ბლოგერების სასკოლო კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
თელავში მოსწავლეებისა და ბლოგერებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
კონკურსი ,,ჩემი ქალაქი/ ჩემი სოფელი’’ გამოცხადებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთისა“ და კახეთის რეგიონული ჰაბის პროექტის „სამოქალქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
,,მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობით მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ, საკუთარი ხედვა და ღირებულებები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ.
,,კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას. მნიშვნელოვანი იყო ისეთი თემების ხელშეწყობა, როგორიც არის რეგიონული განვითარება, ამიტომ ბლოგის სლოგანიც იყო ,,ჩემი ქალაქი/ჩემი სოფელი“, რაზეც ახალგაზრდებს უნდა მოეფიქრებინათ იდეები და დაემუშავებინათ მულტიმედია მასალად.
თავიდან ახალგაზრდების აქტიურობა მცირე იყო და კონკურსის დროც გავზარდეთ, თუმცა შემდეგ ბევრი დაინტერესდა და მიიღო კონკურსში მონაწილეობა. შეირჩა 3 საუკეთესო ბლოგი და მისი ავტორები დავაჯილდოვეთ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ კონკურსში გამარჯვებული მასალების საიტზე განთავსებას, რომ ფართო საზოგადოებამ ნახოს ახალგაზრდების ნამუშევრები.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება დაემთხვა ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე ამერიკელი მოხალისის, სარა დიჩის სახელობის ტრენინგ-ცენტრის გახსნას’’,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი