სოფელ რუისპირის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში წყლის პრობლემა უკვე წლებია, რაც აწუხებთ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის დროს ონკანებზე ტალახიანი წყალი მოედინება, რომელსაც სასმელად ვერ იყენებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
რუისპირში მცხოვრები მალხაზ პაპუნაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება, მაშინ როცა ნალექიანი ამინდებია.
,,როგორც წვიმები დაიწყება, ონკანებში ტალახიანი წყალი მოდის. ასეთ წყალს ვერავინ დალევს, სარეცხისთვისაც კი არ გამოდგება. წლებია, რაც ეს პრობლემა გვაწუხებს და ვითხოვთ მოგვარებას მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს ლევან პაპუნაშვილი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ იძულებულები არიან, ხშირად დასალევი წყალი იყიდონ, რადგან დაბინძურებული წყლის მიღება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
,,ვისაც შესაძლებლობა გვაქვს, წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ, მაგრამ ბევრი ისეთი ოჯახია, რომელსაც პურის ფულიც არ აქვს, წყლის საყიდელი ფული კი მითუმეტეს არ ექნება. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ამდენი წელია, რაც ეს პრობლემაა და ვერ მოგვარდა. გვახსოვს ამბობდნენ, წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდაო და გაიწმინდა სათავე ნაგებობაო, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა’’, – აცხადებენ “კახეთის ხმასთან” საუბრისას ადგილობრივები.
სოფელ რუისპირში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი წყლის პრობლემას უხვ ნალექს უკავშირებს. ინგა პაპუნაშვილი მიუთითებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
,,რუისპირში მაშინ იმღვრევა წყალი, როცა დიდი წვიმაა. ძირითადად ეგ ქმნის პრობლემას. ჩვეულებრივი ნალექის დროს ეს პრობლემა არ დგება. აქტიურად ვმუშაობთ, რათა წყალმარაგებასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს. ვაკეთებთ წერტილოვან რეაბილიტაციას სისტემაზე. ახლაც მიმდინარეობს სათავე ნაგებობიდან სოფლამდე ორკილომეტრიანი სისტემის რეაბილიტაცია, რაც მოსახლეობას არსებულ პრობლემებს მოუხსნის’’,– განუცხადა “კახეთის ხმას” ინგა პაპუნაშვილმა.