მაშველებმა ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში.
“გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ექსკურსიაზე, ლაგოდეხში ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი