“აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის კომპლექსთან გზის გაყვანა დაიწყო”
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, კერძოდ კი ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო.
ინფორმაციას ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს. ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განათავსა.
,,მონასტრის მიმართულებით მიმდინარეობს გზის გამოყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ ასვლის უფლებასაც კი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო. მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება? რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?”, – წერს სოციალურ ქსელში ზვიად ანანიაშვილი.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება საკითხის შესახებ კომენტარს ოდნავ მოგვიანებით გააკეთებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი