აგროდაზღვევის პროექტის ბენეფიციარებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის პაატა შეყელაძეს ინფორმაციით, მათთან ამ ეტაპზე, შესულია 1200-ზე მეტი შეტყობინება და ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.
ზარალის შეფასების პროცესს კახეთის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი, სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ.
„აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან”,– განაცხადა პაატა შეყელაძემ.