ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე – „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.
როგორც ,,knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, კახეთიდან, 100-მდე შეტყობინებაა შევიდა.
,,თითოეულ შემოსულ ზარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ. საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია”, – აცხადებენ უწყებაში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი. მისი თქმით, ადიდებული მდინარეების კალაპოტზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები კალაპოტში წყლის დონის დაწევისთანავე მელიორაციის სამსახური სპეციალური ტექნიკით დაიწყებს.
,,გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარეებიდან და სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა გურჯაანი-ლაგოდეხის და წნორი-ლაგოდეხის ცენტრალური მაგისტრალზე გზის მონაკვეთი დატბორა, რის გამოც შეფერხებულია აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები,” – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ამ დრომდე ეხმარებიან.