გურჯაანში მევენახეთა კონფერენცია პირველად გაიმართა
პირველად გურჯაანში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე“ იმსჯელეს.
,,სეზონურად ყურძნის დაბალი ფასი, თანადაფინანსების პროექტების აუცილბლობა, შხამქიმიკატების დაბალი ხარისხი და მის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრება,’’- ეს ის საკითხებია, რაზეც მევენახეებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს.
მევენახეების თქმით, დარგში პრობლემური საკითხები ბევრია, რაც მათ გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას არ აძლევთ. მათი თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა, სადაც მათ კითხვის დასმის საშუალება ექნებათ იმ პრობლემურ საკითხებზე რომელიც აწუხებთ მნიშვნელოვანია.
,,ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, იმ პრობლემებზე რაც დღეს მევენახეებს გვაწუხებს. მივიღეთ პასუხები, თუმცა ვისურვებდით ყურძნის დაბალ ფასზე და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე გვესაუბრა მეტი, რადგან ჩვენი ძირითადი პრობლემა ეს არის. მოგვყავს მოსავალი და ბოლოს იაფად ვაბარებთ. არც მოგება გვრჩება’’,– განუცხადეს knews.ge-ს მევენახეებმა.
ველისციხეში მცხოვრები აგრობიზნესის მიმართულებით მოქმედი მარან ,,ველისციხურის“ მფლობელი, მაია არუთინოვი აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები დარში ჩართულ ყველა მხარესთან ხელს უწყობს არსებული პრობლემების წინ წამოწევას და დარგის განვითარებას.
,,უპრეცენდენტო ფაქტია, რომ მევენახეებს და ფერმერებს ხვდება მთავრობა. შეხვედრა ინფორმაციული იყო და ბევრი რამ გავიგე. თითოეული განვითარებული მევენახე ნიშნავს ძლიერ სოფელს. ყველაზე მნიშველოვანი რაც მოვისმინე იყო ის რომ იგეგმება ადგილობრივი მარნების განვითარება და ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას’’,- განაცხადა მაია არუთინოვმა.
კონფერენციის დროს მევენახეთა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
,,მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტში, პირველად ვმართავთ მევენახეთა კონფერენციას და ვიმედოვნებ, რომ ეს ტრადიციად აუცილებლად გადაიქცევა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე, რაც შემდგომში განაპირობებს თითოეული მევენახისა და მეღვინის წარმატებას, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მხარდამჭერები მსგავსი პროექტების ინიცირებისა და განხორციელებისა,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ მეღვინეობის და მევენახეობის განვითარებისთვის, აუცილებელია ინფორმირებული მევენახე, მთავრობამ კი უნდა იცოდეს რა მოთხოვნები და პრობლემები აქვთ დარგში დასაქმებულებს.
,,კახეთში სულ უფრო მზარდია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და ამ ბიზნესმა უკვე თვითკმარობა შეიძინა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მევენახეებს ეხმარება ვენახების გაშენებაში. ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ვენახები გვქონდეს. მაღალი ხარისხის ღვინო დამოკიდებულია ვენახზე და მიღებული ყუძნის ხარისხზე. ამ კონფერენციამ უნდა მოახდინოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება თუ როგორ უნდა განვავითაროთ დარგი და გავიგოთ რა მოთხოვნები აქვთ მევენახებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდეს დარგი და გაიზარდოს სახელმწიფოს ჩართულობა’’,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის სისტემურმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი განხორციერლდა და კახეთში ვენახების რაოდენობა გაიზარდა.
,,ბოლო პერიოდში მთავრობოს სისტემურმა მიდგომამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგები, რომ გასულ წელს 85 მილიონი ბოთლის ექსპორტი განვახორციელეთ. კახეთში კი ბოლო 5 წელიწადში გაშენებულია 7 000 ჰექტარი ვენახი. ხალხი მოტრიალდა ამ დარგისგენ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მათგან წამოვიდეს ის გამოწვევები, ის პრობლემები რის წინაშეც ისინი დგანან ჩვენ ამით მოგვეცემა საშუალება შევუწყოთ მათ ხელი პრობლემების მოგვარებაში’’,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გამართული შეხვედრა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტის და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი