ხელმიუწვდომელი პირველადი ჯანდაცვა ოჟიოში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს ამბულატორია ორ სართულიან ნახევრად დანგრეულ შენობაშია განთავსებული. მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიღება სიცოცხლისათვის საშიშ შენობასა და დარღვეულ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების პირობებში უწევს. დაწესებულებაში არ არის სველი წერტილები. წყლის მოტანა მედპერსონალს შორი მანძილიდან უწევს, რაც უსაფრთხო წყალსა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლებას ზღუდავს.
შენობის პირველი სართული სრულად ამორტიზებული, ჭერი, იატაკი და კედლები კი ავარიულია. შედარებით უკეთ გამოიყურება აღნიშნული ამბულატორიის მეორე სართულის ორი ოთახი, სადაც ექიმები მუშაობენ, თუმცა წყალზე ხელმისაწვდომობა არც ამ ოთახებშია, სველი წერტილები ფიზიკურად არ არსებობს.
ოჟიოს ამბულატორია ჯანდაცვის სამინისტროს უწყებაში შედის, თუმცა ფართი, სადაც ის ფუნქციონირებს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. კოორდინაცია ამ ორ სამინისტროს შორის არ არსებობს, რაც ხშირ შემთხვევაში, გაურკვევლობას იწვევს.
ექიმები ხელფასს ჯანდაცვის სამინისტროდან იღებენ და სწორედ ამ თანხიდან უნდა შეიძინონ პირველადი მოხმარების წამლები და მედიკამენტები. ამასთან, მედპერსონალი სამუშაო ფართის კომუნალურ ხარჯებს თავადვე იხდის. თანხა საკმაოდ მიზერულია, ექიმის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 400 ლარს შეადგენს, ხოლო ექთნის – 200 ლარია.
ოჟიოს ამბულატორიის წარმომადგენლები პირად საუბარში პრობლემაზე არ საუბრობენ და საჯარო კომენტარისაგან თავს იკავებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაში აქვს აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაცია.
ამბულატორიაში არსებული პრობლემა ყველაზე მეტად სოფელ ოჟიოს მოსახლეობის იმ ნაწილს აწუხებს, რომლებიც წესით ამ მომსახურებით უნდა სარგებლობდნენ. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, სოფელში 680 ადამიანი ცხოვრობს. როგორც ისინი აცხადებენ, ამბულატორიაში არსებული სავალალო პირობების გამო მათი უმრავლესობა სამედიცინო მომსახურებას თელავში იღებს.
„ამ შენობაში შესვლაც კი საშიშია. ავადმყოფი უარესად გახდება, აქ რომ შევიდეს. ამიტომ ჩემი შვილები თელავში მიდიან. ღმერთმა არ ქნას რამე დაგვჭირდეს, “- ამბობს ოჟიოს მკვიდრი ქალბატონი, რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველადი ჯანდაცვა სამინისტროს პრიორიტეტია, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ პრობლემა ზოგიერთ სოფელში დღემდე მოუგვარებელია. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად დაფინანსების გაზრდას მიიჩნევს.
„დღეს ზოგიერთი განვითარებული ქვეყანაც კი ეჭიდება ამ პრობლემას, დაფინანსება და რესურსები უნდა გადმოვიტანოთ პირველად ჯანდაცვაში. ოღონდ აქ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს გახდება, ადგილობრივი თვითმმართველობაც უნდა იყოს დაინტერესებული. რესურსების მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო.“, – აცხადებს ზოიძე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურში სოფელ ოჟიოს ამბულატორიის პრობლემას აღიარებენ, თუმცა ისინიც საკითხის გადასაჭრელად დაფინანსების სიმწირეზე ჩივიან.
სოფელ ოჟიოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით მეზვრიშვილი სოფლის მაცხოვრებელთა წინაშე არსებულ პრობლემას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურების მიღების პრობლემა არ არსებობს, რადგან ექიმები ავადმყოფებს სახლში უწევენ დახმარებას.
„ოჟიოს ამბულატორიის რეაბილიტაცია ახლო მომავალში არ იგეგმება. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ სტიქიამ ძალიან დააზარალა ამბულატორია. ტენდერი გამოცხადდა და ასე შეკეთდა შენობის სახურავი. მოსახლეობა გადაუდებელი აუცილებლობის დროს სარგებლობს ამბულატორიით, თუმცა ექიმებს აქვთ დავალება და ყოველ დღე თვითონ მიდიან ოჯახებში, მოხუცებს მკურნალობენ, რჩევებს აძლევენ.“ – აცხადებს მეზვრიშვილი.
ახმეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების მიხედვით, მერიის სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას და ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას, თუმცა ამ ფუნქციათა შესასრულებლად დაფინანსება არასაკმარისია.
ოჟიოს მაცხოვრებელთა პრომლების კიდევ ერთი წახნაგი წყალია, რომელიც მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში მწვავედ დგას. სოფლების მოსახლეობას არ აქვს ხელმისაწვდომობა სუფთა და საკმარისი ოდენობის წყალზე.
როგორც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა, წყლის საშუალო რაოდენობა თვითოეულ ადამიანზე, არსებითი და ძირითადი საჭიროებებისათვის, დღე-ღამეში 50-100 ლიტრამდეა.
ეს ფაქტი ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, სკოლის მოსწავლეებისათვის კი განათლების უფლება, რადგან ამ სტანდარტების დარღვევიდან გამომდინარე ხშირია ავადმყოფობა ბავშვებში და, შესაბამისად, მათ განათლების უფლება ეზღუდებათ.
,,სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ებრძოლოს დაავადებებსა და საკვების ნაკლებობას, მათ შორის პირველადი სამედიცინო – სანიტარული დახმარების ფარგლებში.”
ექსპერტები აღიარებენ, რომ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა ვერ უზრუნველყო სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი ზრდა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, ხოლო ჯანდაცვის სფეროში გაწეული სახელმწიფო დაფინანსება კვლავ დაბალია.
,,ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ადამიანები არ დაავადდებიან დაბინძურებული სასმელი წლის მოხმარების შედეგად, ან მოიწამლებიან ადეკვატური სანიტარული პირობების არქონის გამო. კარგი ამბავი არის ის, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ჩვენ ამას ერთად შევძლებთ.“ – კატერინა დე ალბუკერკი, გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსნებელი უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომონის უფლების შესახებ.
სტატიისა და ფოტოების ავტორი:
ნინო ასანაშვილი
ვიდეოს ავტორი:
ვასილ ბაბუაშვილი.