ახალი ამბები

ყვარლის მერმა 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზე პრეზენტაცია გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა კახეთის რეგიონში მოქმედი ადგილბრივი და ცენტრალური მედია საშუალებების წარმომადგენლებს 2018 წელს განხორციელებული საქმიანობების და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

როსტომ სესიაშვილის თქმით, გასულ წელთან შედარებით ყვარელში მეტი მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომელიც სოფლებში სკვერების, მინი სტადიონების მოწყობასა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

,,წლევანდელმა ბიუჯეტმა შეადგინა 7 მილიონი ლარი. ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება და სკვერების და მინი სტადიონების მოწყობა. წელს სოციალური მიმართულებით დაგეგმილია ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს.

ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი ფულადი დახმარების, ასევე წამლების და ოპერაციების მიმართულებით დაფინანსება. სოციალური კუთხით ჯამში სულ 13 მიმართულებაა დაფინანსებული. დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება მხოლოდ სოფლის დღესასწაულების და სპორტული ღონისძიებების დაფინანსების კომპონენტში, ასევე ჩატარდება ილიაობა.

ახალი წლისთვის და ილიაობის ჩასატარებლად ყვარლის მუნიციპალიტეტს აქვს განსვხავებული ფორმატი: შედგება კომისია, სადაც იქნებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩართული და მათთან თანამშრომლობით განისაზღვრება ღონისძიებების ფორმატი და შემდეგ განისაზღვრება დაფინანსების ოდენობა’’,- განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ყვარლის მერმა დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.

,,წელს გზების რეაბილიტაციის მიმართულებით მსხვილი პროექტები განხორციელდება. ეს მოიცავს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების, ასევე ჭიკაანში ორი დიდი ქუჩის, სოფელ შილდის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას, ასევე ახალსოფლის სპორტ-კომპლექსის აშენებას, რომლისთვისაც 2 მილიონ 100 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება ყვარელში ევროპული დონის სტადიონის მშენებლობას, მას მუნციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება და ეს დაახლოებით ზაფხულში უნდა დასრულდეს. მხოლოდ პროექტირების ღირებულება 170 000 ლარს შეადგენს და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამშენებლო ნაწილში უფრო მოცულობითი იქნება სამშენებლო თანხა’’, – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა.

როსტომ სესიაშვილის განმარტებით, წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით პროექტების განხორციელებაზე 4 მილიონ 700 000 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით 1 მილიონ 700 000 ლარით გაიზარდა.

 

ავტორები: მაკა ხაზიური ვასილ ბაბუაშვილი